საქართველოს დროშა
მრჩეველი
მყარი კვება
ახალი საკვების დამატება რაციონში 3 დღის წესით

ახალი საკვების დამატება რაციონში 3 დღის წესით

3 day rule

ბავშვის რაციონში მყარი საკვებისა და სითხეების დამატება 6 თვემდე აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან ამ ასაკამდე დედის რძე ან რძის ფორმულა სრულიად აკმაყოფილებს ბავშვის ნუტრიენტულ მოთხოვნილებებს. ბავშვის რაციონში მყარი საკვების დამატებამდე, არსებობს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც სასურველია. მათ შორის ერთ-ერთია „3 დღის წესი“.

 

რა არის 3 დღის წესი?

თქვენ შეგიძლიათ ბავშვებს თავდაპირველად აჭამოთ როგორც სახლში მომზადებული პიურე, ისე ქილის მზა საკვები ან ფაფა. უმჯობესია პირველი საკვები იყოს ქილის, რადგან ბავშვის მომნელებელი სისტემა ზედმეტად სათუთი და სტერილურია. ქილის საკვები არის მეტად უსაფრთხო და სანდო, თუმცა შერჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რომ ის არ შეიცავდეს შაქარსა და მარილს. არჩევანი თქვენზეა, თუმცა საჭიროა იცოდეთ, რომ პირველი საკვები უნდა იყოს ერთკომპონენტიანი და მისი შეთავაზების დროს საჭიროა 3 დღის წესის დავცა.

ამ წესის პირველი კრიტერიუმია მოთმინება, რაც ნიშნავს რომ ახალი საკვების შეთავაზებისას დაელოდოთ 3 დღის გასვლას (საუკეთსო შემთხვევაში 4-5) და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზოთ ახალი პროდუქტი. ამ პერიოდში ვაკვირდებით ბავშვის ალერგიულ რეაქციას და თუ ის გამოვლინდა, მაშინ ვწყვეტთ ამ საკვების შეთავაზებას. ამ სამი დღის განმავლობაში ბავშვმა უნდა მიირთვას მხოლოდ ის საკვები, რომელზეც 3 დღის წესი უკვე გავლილი აქვს.

თუ თქვენ მყარ კვებას იწყებთ ვაშლის ხილფაფით, 3 დღის განმავლობაში მცირე რაოდენობით უნდა შესთავაზოთ და დღითიდღე გაზარდოთ ულუფა (მაგალითად: პირველ დღეს მისცეთ 1 ჩაის კოვზი, მეორე დღეს - 2 ჩაის კოვზი, მესამე დღეს - 3 ჩაის კოვზი). როცა სამი დღის შემდეგ ბავშვს ალერგიული რეაქცია არ გამოუვლინდება, მე-4 დღეს თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროდუქტის შეთავაზება. მაგალითად, გაასინჯეთ ბანანი, წესების დაცვით და 3 დღის შემდეგ, ანუ მე-4 დღეს თქვენ უკვე შეძლებთ ბავშვს ბანანისა და ვაშლის პიურე ერთად მისცეთ. 

 

რატომაა მნიშვნელოვანი 3 დღის წესი?

ამ წესის დაცვით თქვენ ადვილად ამოიცნობთ რომელ პროდუქტზე აქვს ბავშვს ალერგია. მაგალითად, თუ ვაშლის გასინჯვის შემდეგ აღენიშნება გამონაყარი, დიარეა, მუცლის ტკივილი და სხვა ალერგიის ნიშნები, თქვენ გეცოდინებათ, თუ რომელი პროდუქტითაა ალერგია გამოწვეული. მაგრამ, თუ თქვენ ბავშვს შესთავაზებთ ბანანის, ვაშლისა და ქლიავის პიურეს ერთად და მას გამოუვლინდება ალერგიული რეაქცია, გაგიჭირდებათ დაადგინოთ თუ რომელმა პროდუქტმა გამოიწვია ის.

კარგია, თუ იქონიებთ ჩანაწერებს ახალი პროდუქტის შეთავაზების დროებისა და მისი რეაქციების შესახებ, რაც შემდგომში დაგეხმარებათ ერთზე მეტ კომპონენტიანი ვარიაციების არჩევაშიც.  

 

როდის შეგიძლიათ შეწყვიტოთ 3 დღის წესის დაცვა?

9-10 თვის ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს დღის რაციონი და მას გასინჯული აქვს საკვების უმეტესობა, 3 დღის წესის დაცვით, ამიტომ ამ ასაკის შემდეგ უფრო ადვილდება ბავშვის გამოკვება და მისი დაცვა საჭირო აღარაა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეწყვიტოთ ამ წესის გამოყენება, თუ მყარი კვება დაიწყეთ ქილის პიურეებით და გსურთ ბავშვის სახლში მომზადებულ პიურეებზე გადაყვანა, ან პირიქით. მაგრამ ალერგიული პროდუქტების შეთავაზებისას, როგორიცაა: კვერცხი, თხილეული, ზღვის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ხორცი,  ხორბალი და სხვა, აუცილებლად დაიცავით 3 დღის წესი!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.unicef.org/parenting/food-nutrition/feeding-your-baby-when-to-start-solid-foods#R4469739-4BbEB6D0-851FIM

https://www.healthychildren.org/English/ages-stages/baby/feeding-nutrition/Pages/Starting-Solid-Foods.aspx

https://www.beingtheparent.com/the-3-day-wait-rule-for-babies-to-introduce-solids/#:~:text=Patience%20is%20the%20key%20to,passed%20the%203%2DDay%20test.