საქართველოს დროშა
მრჩეველი
პირველი საკვები
როგორ ამოვიცნოთ ალერგია?!

როგორ ამოვიცნოთ ალერგია?!

food allergy

ჩვილისთვის ძუძუთი ან რძის ფორმულით კვება რეკომენდებულია  დაბადებიდან 6 თვემდე, ხოლო შემდგომ, რაციონში შემოდის მყარი კვება. მყარი საკვების დამატებას ხშირად თან ახლავს ალერგიული რეაქციები და რადგან საკვები ალერგიები საკმაოდ ხშირია (ძირითად შემთხვევაში  დროებითია), აუცილებელია მშობელს შეეძლოს მისი სწორი იდენტიფიცირება.

3 წლამდე ბავშვების დაახლოებით 8%–ს აქვს საკვები ალერგია. მისი განვითარების შანსი მაღალია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალერგიის გენეტიკურად გადაცემის რისკი. ასევე, ალერგიის განვითარების რისკ ქვეშ არიან ატოპიური დერმატიტის, ასთმის და ალერგიული რინიტის მქონე ბავშვები.

 

რა არის ალერგია?

საკვებზე ალერგიის დროს, ბავშვის იმუნურ სისტემას აქვს უარყოფითი რეაქცია საკვების ჩვეულებრივ უვნებელ ცილაზე - მას აღიქვამს როგორც უცხო სხეულს და ანტისხეულების წარმოქმნით ცდილობს მასთან ბრძოლას.

ალერგიის სიმპტომები შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე წუთში ან საათში, სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ალერგიის სიმპტომებია:

  • გამონაყარი;
  • კანის სიწითლე;
  • დიარეა/ ღებინება /შეკრულობა;
  • გაჭედილი ცხვირი;
  • ენის ან ყელის ქავილი;
  • თვალის ქავილი/ ცრემლდენა.

სიმპტომები რომელიც საჭიროებს ყურადღებას (!):

  • პირის ღრუს/ ყელის/ ენის/ შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაძნელებული ან ხმაურიანი სუნთქვა;
  • ხელების / ფეხების შეშუპება;
  • ჭინჭრის ციება, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გაძნელებით;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • დაბოხებული ხმა ტირილისას;
  • მკრთალი ან ლურჯი ფერი სახეზე;
  • სისუსტე/ გულის წასვლა/ თავბრუსხვევა;
  • სპაზმური ხველა/ ხრიალი;
  • ამობურცული, წითელი გამონაყარი კანზე.

ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უმჯობესია გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება!

 

რა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია?

  • რძე და რძის პროდუქტები;
  • კვერცხი;
  • მიწისთხილი;
  • ხის თხილეული (მაგალითად, ნუში, თხილი და კაკალი);
  • სოიო;
  • ზღვის პროდუქტები (თევზი, მოლუსკები და კიბოსნაირები);
  • ხორბალი;
  • კენკრა;
  • პომიდორი.

FDA (საჭმლისა და წამლების ადმინისტრაცია) ასახელებს 4 ყველაზე ალერგიული პროდუქტს, ესენია: რძე, კვერცხი, მიწისთხილი და ხის თხილეული.

რძეზე ალერგიული ჩვილები რეაგირებენ ძროხის რძეში შემავალ ცილებზე. ძროხის რძე ჩვილების ფორმულის მთავარი ინგრედიენტია.  ჩვილების დაახლოებით 2% -3% აქვს რძის ალერგია, ამიტომ აქტიურად გამოიყენება სოიოს რძის ბაზაზე დამზადებული ფორმულა. ბავშვების უმეტესობაში ეს ალერგია დროებითია და ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება. მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ალერგია კვერცხზე, საშუალოდ 5 წლის ასაკში უკვე შუძლიათ ჩვეულებრივ კვერცხის ჭამა.

 

როდის შევთავაზოთ ბავშვს ალერგიული საკვები?

რამდენიმე წლის წინ, მიღებული იყო, რომ ალერგიული პროდუქტი 1-2 წლამდე არ უნდა შეეთავაზებინათ ბავშვებისთვის. თუმცა, მიდგომები შეიცვალა და დადგინდა, რომ ალერგიული პროდუქტის ადრე შეთავაზება, პირიქით, ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს. რა თქმა უნდა, აუცილებელია დავიცვათ 3 დღის წესი (უკეთესია 4-5 დღე). მცირე რაოდენობით შევთავაზოთ და დავაკვირთეთ ალერგიულ რეაქციას.

  • რძე 

ძროხის რძე არ უნდა შესთავაზოთ ბავშვს, სანამ ის 1 წლის არ გახდება.

  • რძის პროდუქტები
  • კარაქი 6-8 თვიდან;
  • იოგურტი 6-8 თვიდან;
  • ხაჭო  6-8 თვიდან;
  • ყველი 6-8 თვიდან;
  • მაწონი 1 წლიდან (მცირე რაოდენობით 8-10 თვიდანაც შესაძლებელია);
  • კვერცხი

კვერცხის როგორც გული, ისევე ცილა დასაშვებია 6 თვიდან. თუმცა, პირველად უნდა შესთავაზოთ გული და ალერგიის არარსებობის შემთხვევაში, ცილა. ორივე 3 დღის წესის დაცვით;

  • მიწისთხილი & ხის თხილეული (მაგალითად, ნუში, თხილი და კაკალი)

თხილეული შეგიძლიათ შესთავაზოთ 6 თვიდან, მაგრამ გადაცდენის საფრთხის გამო მხოლოდ გატარებული ან დაბლენდერებული სახით;

  • ზღვის პროდუქტები

მოხარშული ან გამომცხვარი თევზი შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარებს 6 თვიდან. მოლუსკები  6 თვიდან;

  • ხორბალი

ხორბლის ფაფა შეიძლება ბავშვს შესთავაზოთ 6 თვიდან, მაგრამ არა პირველ ფაფად. პირველად უმჯობესია შესთავაზოთ ფაფა გლუტენის გარეშე;

  • კენკრა

კენკრა რაციონში შეგიძლიათ დააამატოთ 6 თვიდან;

  • პომიდორი

პომიდორი დასაშვებია 6-8 თვიდან, რა თქმა უნდა, ყველაფერი წესების დაცვით.

 

ამ პროდუქტებში ალერგენების არსებობის მიუხედავად, მშობლებმა არ უნდა ინერვიულონ ბავშვისთვის მათ შეთავაზებაზე, რა თქმა უნდა, თუ გენეტიკურად არ არსებობს რისკი საკვებ ალერგიაზე.

თუმცა, უმჯობესია ბავშვისთვის პირველი საკვების შეთავაზებისას მოერიდოთ ამ პროდუქტებით დაწყებას, განსაკუთრებით 4-6 თვის ასაკში. დაიწყეთ ნაკლებად ალერგიული პროდუქტით, მაგალითად როგორიცაა: ბოსტნეული, ავოკადო, ბრინჯი და სხვა.

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: