საქართველოს დროშა

ევროკავშირის ბიო-ლოგო

ევროკავშირის ორგანული საკვების ლოგო მყიდველს მის მიერ მოხმარებული საკვებისა და სასმელის წარმოშობისა და ხარისხის სანდოობის გარანტიას აძლევს, ხოლო ამ ლოგოს არსებობა რომელიმე საკვებ პროდუქტზე  ევროკავშირის ორგანული სოფლის მეურნეობის რეგულირებასთან შესაბამისობის დამადასტურებელი ფაქტია. 
 
2010 წლის ივლისიდან ევროკავშირის ორგანული საკვების ლოგოს მითითება სავალდებულოდ ითვლება ევროკავშირის ფარგლებში ყველა ტიპის დაფასოებული ორგანული საკვები პროდუქტისთვის. ამ ლოგოს ნებაყოფლობითი გამოყენება ასევე შესაძლებელია დაუფასოებელი ორგანული საქონლის შემთხვევაში, რომელიც იწარმოება ევროკავშირის ტერიტორიაზე ან შემოდის იმპორტის სახით მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან.  
 
ევროკავშირის ორგანული საკვების ლოგოთი სერტიფიცირებული საკვები პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს;
  • პროდუქტში შემავალი სასოფლო სამეურნეო წარმოშობის ინგრედიენტები უნდა იყოს ორგანული წარმოშობის;
  • პროდუქტი უნდა ემორჩილებოდეს ოფიციალური ინსპექტირების წესებს;
  • დაბეჭდილ შეფუთვაში დაფასოებული პროდუქტის მიწოდებას უნდა აწარმოებდეს უშუალოდ მწარმოებელი ან დამამზადებლი;
  • პროდუქტზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის, დამამაზადებლის ან მფლობელის სახელი და აგრეთვე ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი ან კოდი. 
ორგანული სოფლის მეურნეობა ემყარება გარკვეულ პრინციპებს, რომელთა მიზანიცაა ადამიანის გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალური შემცირება და სოფლის მეურნეობის სისტემის შეძლებისდაგვარად ბუნებრივი მეთოდებით მუშაობის უზრუნველყოფა.
 
იმისათვის, რომ პროდუქტი აკმაყოფილებდეს ორგანულის მოთხოვნებს, მისი წარმოება შემდეგი კრიტერიუმების დაცვით უნდა ხდებოდეს:
  • მაქსიმალურად ფართო თესლბრუნვა, რაც ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს. 
  • სინთეზური პესტიციდებისა და სინთეზური სასუქის, ანტიბიოტიკების, საკვები დანამატების, წარმოების დამხამრე პროცესების  გამოყენების მკაცრი შეზღუდვა.
  • გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტების გამოყენების აბსოლუტური აკრძალვა.
  • უპირატესობის მინიჭება ადგილობრივი რესურსებისთვის, მაგალითად, სასუქის სახით ნაკელის გამოყენება
  • მცენარეებისა და ცხოველების ისეთი სახეობების გადარჩევა, რომლებიც დაავადებებისადმი რეზისტენტულია  და ადაპტირებულია  ადგილობრივი პირობების მიმართ. 
  • პირუტყვისა და ფრინველის გაზრდა თავისუფალ სივრცეში და მათთვის საკვების სახით ორგანული ფურაჟის გამოყენება. 
ორგანული სოფლის მეურნეობა ამავე დროს წარმოადგენს უფრო ფართო ჯაჭვის ნაწილს, რომელიც მოიცავს საკვების წარმოებას, დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის სექტორს და რა თქმა უნდა, ცალკეულ მომხმარებელს.  თითოეული რგოლი ამ ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანული საკვების წარმოებასთან ასოცირებულ სარგებელში ისეთ სფეროებში როგორიცაა:
  • გარემოს დაცვა
  • ცხოველთა კეთილდღეობა
  • მომხმარებლის ნდობა
  • საზოგადოება და ეკონომიკა.
ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყნაში არსებობს ინსპექტირების დადგენილი სისტემა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების და/ან სერთიფიცირებული კერძო კომპანიების ერთობლიობა, რომელთა ფუნქციაც ორგანული პროდუქციის ინსპექტირება და სერთიფიცირებაა. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი არ აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას, მას ჩამოერთმევა ორგანული საკვების სერტიფიკატი და აღარ შეეძლება საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ბაზარზე ორგანულის სახელით. 
 
ამდენად ყოველთვის, როდესაც მომხმარებელი იძენს ორგანულ ვაშლს ადგილობრივ სუპერმარკეტში ან საყვარელ რესტორანში ირჩევს ორგანული ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს, ის შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ეს პროდუქტები იმ მკაცრი წესების დაცვითაა დამზადებული, რომელთა მიზანსაც ცხოველთა და გარემოს პატივისცემა წარმოადგენს.