საქართველოს დროშა

გერმანიის ნაციონალური ბიო-ნიშანი

გერმანიის ბიო-ნიშანი წარმაოდგენს გერმანიის ეროვნულ მარკას, რომელიც ადასტურებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტისა და საკვების ორგანულ წარმოშობას. ამდენად, ბიო-ნიშანი მნიშვნელოვანი ორიენტირია პროდუქტების შეძენის პროცესში.
 
გერმანიაში ნაციონალური ბიო-ნიშანი შემოიღეს 2001 წლის სექტემბრიდან "Agrarwende"-ს პოლიტიკური კამპანიის შედეგად, რომელიც მინისტრმა მწვანეთა პარტიიდან - რენატე კიუნასტმა წამოიწყო. ნაციონალურმა „ბიო“-ნიშანმა თავისი ექვსკუთხა მწვანე-შავ-თეთრი ფორმით განსაკუთრებული პოპულარობა 2007 წელს მოიპოვა, როდესაც 2431 კომპანიამ ამ ნიშნით 41 708 პროდუქტის სერტიფიცირება მოახდინა. 2001 წლის სექტემბრიდან ორგანული სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი შეიძლება მარკირებული იქნეს გერმანული ბიო-ნიშნით. მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ მწარმოებლებსა და ფერმერებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროკავშირის ორგანული სოფლის მეურნეობის რეგულაციებს (EU Organic Farming Regulation) და საკუთარი სურვილით ექვემდებარებიან აუცილებელ ინსპექტირებას. ამდენად, გერმანიის „ბიო“-ნიშანი ევროკავშირის მიერ აღიარებულია.
 
ამჟამად გერმანიის ნაციონალური ბიო-ნიშანი წარმოადგენს ერთადერთ ეკო-ნიშანს, რომელიც დაცულია სისხლის სამართლის კოდექსით. ამ ნიშნის გამოყენება რეგულირდება ეკოლოგიური მარკირების აქტისა (Eco Labelling Act) და ეკოლოგიური მარკირების კანონმდებლობით (Eco Labelling Regulation).
 
ეკოლოგიური მარკირების აქტი ეფუძნება ევროკავშირის ორგანული სოფლის მეურნეობის რეგულაციას, ხოლო ეკოლოგიური მარკირების კანონმდებლობა კი აზუსტებს ისეთ დეტალებს, როგორიცაა მაგალითად ნიშნის დიზაინი და გამოყენების წესები, ისევე როგორც მისი მომხმარებლების სავალდებულო რეგისტრაცია.
 
იმისათვის, რომ პროდუქტი აკმაყოფილებდეს ორგანულის მოთხოვნებს, მისი წარმოება შემდეგი კრიტერიუმების დაცვით უნდა ხდებოდეს:
  • მაქსიმალურად ფართო თესლბრუნვა, რაც ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენების წინაპირობას ქმნის. 
  • სინთეზური პესტიციდებისა და სინთეზური სასუქის, ანტიბიოტიკების, საკვები დანამატების, წარმოების დამხამრე პროცესების  გამოყენების მკაცრი შეზღუდვა.
  • გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტების გამოყენების აბსოლუტური აკრძალვა.
  • უპირატესობის მინიჭება ადგილობრივი რესურსებისთვის, მაგალითად, სასუქის სახით ნაკელის გამოყენება
  • მცენარეებისა და ცხოველების ისეთი სახეობების გადარჩევა, რომლებიც დაავადებებისადმი რეზისტენტულია  და ადაპტირებულია  ადგილობრივი პირობების მიმართ. 
  • პირუტყვისა და ფრინველის გაზრდა თავისუფალ სივრცეში და მათთვის საკვების სახით ორგანული ფურაჟის გამოყენება. 
ორგანული სოფლის მეურნეობა ამავე დროს წარმოადგენს უფრო ფართო ჯაჭვის ნაწილს, რომელიც მოიცავს საკვების წარმოებას, დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის სექტორს და რა თქმა უნდა, ცალკეულ მომხმარებელს.  თითოეული რგოლი ამ ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანული საკვების წარმოებასთან ასოცირებულ სარგებელში ისეთ სფეროებში როგორიცაა:
  • გარემოს დაცვა
  • ცხოველთა კეთილდღეობა
  • მომხმარებლის ნდობა
  • საზოგადოება და ეკონომიკა.
 ევროკავშირის ორგანული სოფლის მეურნეობის დირექტივების დარღვევა ან ბიო-ნიშნის არამართებული გამოყენება გერმანიაში ისჯება კანონით, რომელიც გულისხმობს როგორც 30 000 ევრომდე ჯარიმას, ისე დაპატიმრებას.