საქართველოს დროშა
მოვლენები
ბავშვის უსაფრთხო ძილი

ბავშვის უსაფრთხო ძილი

12-04-2021
ბავშვის უსაფრთხო ძილი

ბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარულია ბავშვის საწოლის გაფორმება სხვადასხვა რბილი სათამაშოებითა თუ ბალიშებით. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვი, როდესაც საწოლში ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებია მოთავსებული.

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია (AAP) აქვეყნებს სტატისტიკას, სადაც ნაჩვენებია, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში ბავშვთა უეცარი სიკვდილიანობის სინდრომით (SIDS) 3500 ბავშვი იღუპება. სწორედ ამ სინდრომის თავიდან ასაცილებლად, AAP გვაძლევს რეკომენდაციებს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როგორც საწოლის შერჩევისას, ისევე ბავშვის საწოლში მოთავსებისას.

 

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ხშირად უშვებენ ბავშვის ძილთან დაკავშირებით:

  • მუცელზე ძილი

საქართელოში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვებს მუცელზე აძინებენ. მშობლების უმეტესობა ამ მეტოდს მისაღებად თვლის და გადმოცემითაც სმენია, რომ ეს კარგი საშუალებაა მუცლის ტკივილთან დაკავშირებული დისკომფორტის მოსახსნელად. თუმცა, უნდა იცოდეთ რომ მუცელზე ძილი პირველია, რამაც SIDS-ის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს.

 -    თუ ბავშვს გადატრიალება უჭირს და ძილის დროს მუცელზე წვება, თქვენ ისევ უნდა დააწვინოთ ზურგზე. ხოლო, თუ ბავშვი კომფორტულად ტრიალებს, მაშინ აუცილებელი არ არის ზურგზე დაწვენა;

 -    თუ ბავშვს ჩაეძინება მანქანის სავარძელში, სარწეველაში ან ეტლში, აუცილებელია რაც შეიძლება მალე დააწვინოთ ზურგით მყარ და სწორ ზედაპირზე.

 

  • ბავშვის საწოლში ლეიბის, რბილი სათამაშოებისა და დამცავი ბალიშების გამოყენება

სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კომისიის (CPSC) რეკომენდაციით, ბავშვის საწოლში მატრას გარდა არ უნდა იყოს სხვა რაიმე ნივთი ან რბილი სათამაშო. არ არებობს არანაირი კვლევა, რომელიც ზემოთ ხსენებული ლეიბების თუ დამცავი ბალიშების ბავშვის საწოლში გამოყენების უსაფრთხოებას დაამტკიცებდა. გამოიყენეთ საძილე ტომარა, რაც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი საბანი ან პლედი.

  • მშობლების საწოლში ძილი

ბავშვი თქვენს საწოლში გადმოაწვინეთ მხოლოდ კვების ან მისი დამშვიდების მიზნით. როდესაც ბავშვს კვლავ დაეძინება, აუცილებლად დააბრუნეთ თავის საწოლში. მშობლების საწოლში ბავშვისთვის ბევრი შეუსაბამო ატრიბუტია, რამაც შეიძლება შექმნას SIDS-ის საფრთხე. გარკვეული სიტუაციები უფრო საშიშს ხდის მშობლების საწოლში ბავშვის ძილს.

არ დააწვინოთ ბავშვი თქვენს საწოლში, თუ:

 -    ბავშვი 4 თვეზე ნაკლები ასაკისაა;

 -    ბავშვი დაიბადა დღენაკლული ან ნაკლები წონით;

 -    მშობლებიდან რომელიმე არის მწეველი. მაშინაც კი თუ ოთახში არ ეწევით;

 -    იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომელიც გააძნელებს თქვენს გაღვიძებას;

 -    არ ხართ ფხიზელ მდგმარეობაში;

 -    არ ხართ ბავშვის მშობელი;

 -    საწოლის ზედაპირი ან ბალიშები არის ძალიან რბილი და ადვილად ჩაღრმავებადი.

 

  • დაბადებიდან ბავშვს აქვს ცალკე ოთახი

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვს უნდა ეძინოს მშობლების ოთახში, საკუთარ საწოლში, რომელიც თქვენი საწოლის გვერდით იდგება. ეს მიდგომა 50%-ით ამცირებს SIDS-ის საფრთხეს.

  • ბავშვის ლაქტაციის ბალიშზე ან სხვა რბილ ზედაპირზე დაძინება

არასდროს დააძინოთ ბავშვი რბილ ზედაპირზე, მაგალითად როგორიცაა ლაქტაციის ბალიში. შეიძლება ბავშვი მუცელზე გადაბრუნდეს, რა დროსაც იხშობა სასუნთქი გზები, ამ დროს ბავშვი ჩაისუნთქავს მის მიერ ამოსუნთქულ ნახშირორჟანგს და არის გაგუდვის მაღალი შანსი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები და შესაბამისად მოაწყვეთ ბავშვის კუთხე თქვენს ოთახში. მოერიდეთ ბალიშების, ლეიბების, დამცავებისა და სხვა რბილი ნივთების ბავშვის საწოლში გამოყენებას. ბავშვი ყოელთვის დააძინეთ ზურგზე, სანამ ის თავისუფლად გადატრიალებას არ ისწავლის!

 

 

წყარო:

www.healthychildren.org